თბილისი (GBC) – რუსეთიდან გადახდებთან დაკავშირებული პრობლემები ქვეყნის სამეზობლოშიც გავრცელდა – ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ბანკებმა რუსული კომპანიებისგან სახსრების ჩარიცხვაზე უარის თქმა მოუხშირეს. ამის შესახებ რუსული მედია რამდენიმე სატრანსპორტო კომპანიის ანგარიშებზე დაყრდნობით წერს. 

მათი მონაცემებით, ცენტრალური ბანკების მიერ გადახდების არმიღების მაჩვენებელი 30%–ით არის გაზრდილი, ხოლო გატარებული ოპერაციების ვადები 15%–ით არის გახანგრძლივებული – 2 კვირამდე.

შექმნილ ვითარებას ამ ქვეყნების ბანკების მიერ სერვისების პირობების გამკაცრებით განმარტავენ – საფინანსო ინსტიტუტები სულ უფრო მკაცრად მოითხოვენ დოკუმენტებსა და განმარტებებს, მათ შორის კომპანიის მონაცემებს, მათი დამფუძნებლების ვინაობას, კლიენტების შესახებ ცნობებს, ფულის წარმოშობის წყაროებს და გარიგებების დეტალებს.

ამ მხრივ პრობლემები 2024 წლის მეორე კვარტალში გამწვავდა და ადგილობრივ ვალუტებში გადახდებსაც კი ეხება. ერთსა და იმავე ბანკში $10 ათასის ოპერაცია შესაძლოა უპრობლემოდ გატარდეს, ხოლო $50 ათასის – განულდეს. განსაკუთრებით პრობლემური გახდა ცენტრალური აზიის ქვეყნების ბანკების გავლით ჩინური პროდუქციის შეძენა.

ბანკები შექმნილ ვითარებას იმით ასაბუთებენ, რომ არ სურთ აშშ–ის სანქციებში მოხვდნენ.

რუსეთს საერთაშორისო გადახდებთან დაკავშირებით პრობლემები 2023 წლის ბოლოდან შეექმნა, როდესაც აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკის ფინანსთა სამინისტროს მეორეული სანქციების დაწესების უფლება მისცა იმ საკრედიტო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც სანქციებს დაქვემდებარებულ რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან და რუსეთის სამხედრო–სამრეწველო კომპლექსს დაეხმარებიან.