თბილისი (GBC) – უკრაინა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ახალ ფინანსურ დახმარებაზე შეთანხმდნენ, რომლის მოცულობაც $15,6 მლრდ–ს შეადგენს. მხარდაჭერის პროგრამა 4 წელზეა გათვლილი. ამის შესახებ ინფორმაციას IMF ავრცელებს. 

ეს ფული უკრაინის ეკონომიკის თანდათანობით ზრდას და ქვეყნის ომის შემდგომ აღდგენას უნდა მოხმარდეს. საკრედიტო პაკეტი, რომელიც ჯერ ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებაშიც დაეხმარება, ნათქვამია IMF–ის განცხადებაში.

IMF–ში აცხადებენ, რომ ფონდის მიერ გაცემული ფინანსური დახმარება უკრაინას სხვა დონორებთან ურთიერთობების დალაგებაშიც დაეხმარება, მათ შორის მსოფლიო ბანკთან.