თბილისი (GBC) – უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთთან ომით მიყენებული ზარალის ფასი მკვეთრად გაზარდა. ახლა კიევი მოსკოვისგან $1 ტრილიონის მიღებას აპირებს ზარალის ასანაზღაურებლად, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ოლეგ უსტენკომ.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ მათ ოქროსა და ფინანსურ რეზერვებზე $300–350 მილიარდის მოცულობით. კიევის დაანგარიშებით, პირდაპირი ზარალი $750 მილიარდს შეადგენს. ამას დაუმატეთ ირიბი ზარალი, რომელთან ერთადაც ეს რიცხვი $1 ტრილიონს მიაღწევს“, – თქვა უსტენკომ ტელემარათონის ეთერში.

ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში უკრაინის პრემიერ–მინისტრი დენის შმიგალი აცხადებდა, რომ უკრაინის ასაღორძინებლად იმაზე ორჯერ მეტი ფულია საჭირო, ვიდრე დასავლეთში გაყინული რუსეთის რეზერვებია. მაშინდელი გათვლებით, ქვეყნის აღდგენას $750 მლრდ დასჭირდებოდა. შმიგალის თქმით, უკრაინამ კომპენსაციის სახით ძირითადი თანხა რუსეთისა და რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივებიდან უნდა მიიღოს.