თბილისი (GBC) – რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის ჯარმა ალყა შეკრა, რომელშიც დაახლოებით 3 ათასი რუსი სამხედროა მოყოლილი. ამის შესახებ გამოცემა Bild წერს.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელი კრასნოოქტიაბრსკი დაიკავეს, რის შედეგადაც ალყის აღმოსავლეთი ზონა მთლიანა შეიკრა. ალყას დასავლეთიდან სახელმწიფო საზღვარი კეტავს, ჩრდილოეთიდან კი მდინარე სეიმი, აღნიშნავს თანამგზავრულ კადრებზე დაყრდნობით გამოცემის სამხედრო მიმომხილველი ულიან რეპკე.

გამოცემის წყაროების თქმით, ალყაში მოქცეული ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 700 კვადრატული კილომეტრია. საუბარია 20 კმ სიგანის და 35 კმ სიგრძის ტერიტორიაზე, რომელიც ვეღარ მარაგდება რუსეთისგან მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა HIMARS–ების და ავიაციის დახმარებით მდინარე სეიმზე სამივე ხიდი ააფეთქეს – 16,18 და 19 აგვისტოს. ალყაში მოქცეული რუსეთის ჯარის ძირითადი ნაწილი ტეტკინოს და გლუშკოვოს დასახლებებშია დისლოცირებული – თითოეულში 1000 კაცი და კიდევ ათასი საზღვრის გასწვრივაა განლაგებული.

კურსკის ოლქში კრემლი უკრაინელებთან საბრძოლველად წვევამდელების გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა. რუსეთის მთავრობასთან დაახლოებული წყაროები კი გამოცემა „მედუზასთან“ ინტერვიუში ამბობდნენ, რომ კურსკის ოლქში ომი „ოპტიმისტური სცენარით, კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება“.

უკრაინელები რუსეთის კურსკის ოლქში აგვისტოს დასაწყისში გადავიდნენ იერიშზე.