თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა: "უკრაინა თურქეთს ხედავს, როგორც პარტნიორს უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით, კიევი მზადაა, მოაწეროს ხელი სახელმწიფოებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას".

ხუთშაბათს, 13 მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლატს და სოფლის მეურნეობის მინისტრს, იბრაჰიმ იუმაკლის შეხვდა.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები, დრონების წარმოებაში თანამშრომლობა და უკრაინის რეკონსტრუქციაში თურქული კომპანიების ჩართულობა განიხილეს.

„მნიშვნელოვანია, რომ თურქული ბიზნესი უკვე წარმოდგენილია უკრაინაში. ჩვენი ქვეყანა აფასებს ამას, ისევე როგორც თურქეთის მხარდაჭერასა და დახმარებას, განსაკუთრებით კი „ბაირაქტარის“ ტიპის დრონების მიწოდებას. უკრაინა თურქეთს მიიჩნევს ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორად, ასევე პარტნიორად უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით და მზადაა, ხელი მოაწეროს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას თურქეთთან პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მომავალი ვიზიტის დროს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის შედგება ეს ვიზიტი.

ამასთან, ომერ ბოლატი და იბრაჰიმ იუმაკლი დაესწრნენ თურქეთსა და უკრაინას შორის სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას, რომელიც ომის შემდეგ ქვეყნის რეკონსტრუქციას ეხებოდა.

მანამდე, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 7 მარტს განაცხადა, რომ "თურქეთი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის იდეას და მხარეებს შორის ნდობის აღდგენის კუთხით, თავდასხმების შეჩერებას ჰაერსა და ზღვაზე".

რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომზე საუბრისას, ერდოღანმა ხაზი გაუსვა ძლიერი დიპლომატიური საფუძვლის მნიშვნელობას, სადაც ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან იჯდება სამართლიანი და ღირსეული მშვიდობისთვის.

ამასთან, ერდოღანმა ხაზი გაუსვა თურქეთის ჩართვის მნიშვნელობას ისეთ მექანიზმებში, როგორიცაა ევროპული სამშვიდობო ფონდი, რომელიც ორიენტირებულია უკრაინის რეკონსტრუქციაზე.

ქვეყნის მეთაურის თქმით, თურქეთთან ევროპული უსაფრთხოების ერთობლივი დაგეგმვა სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს.