თბილისი (GBC) – ბრიტანულ–ქართული აკადემიის კურსდამთავრებულები ინვესტორის მიერ სკოლის დირექტორის შეცვლას სკოლის შენობასთან გააპროტესტებენ. მათ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დაუშვებლად მიაჩნიათ „საეჭვო იურიდიული პროცედურების მეშვეობით სკოლის დირექტორის თანამდებობიდან მისი დამფუძნებლის და პარტნიორის ნათია ჯანაშიას გადაყენება“, ვინაიდან სწორედ ნათია ჯანაშიას შექმნილია ბრიტანულ–ქართული აკადემია და 19 წლის განმავლობაში ავითარებდა მას.
აქციის მონაწილეთა თქმით, ნათია ჯანაშიას მენეჯმენტის ქვეშ აშენებულმა და განვითარებულმა სკოლამ მათ საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობა მისცა და არ სურთ, რომ მათ უმცროს თანასკოლელებს ეს პერსპექტივა წაართვან.
„ჩვენ, ბრიტანულ–ქართული აკადემიის კურსდამთავრებულები, ვგმობთ საეჭვო სამართლებრივი პროცედურების შედეგად სკოლის დამფუძნებლის და დირექტორის, ქალბატონი ნათია ჯანაშიას თანამდებობიდან გადაყენებას. სწორედ ქალბატონმა ნათიამ შექმნა ჩვენი სკოლა, რომელიც ერთ–ერთი საუკეთესოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ამდენად, ინვესტორს, რომელმაც სკოლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებებიც კი არ შეუსრულებია, არანაირი უფლება, არც მორალური და არც სამართლებრივი, არ ჰქონდა, თანამდებობიდან გადაეყენებინა და პრაქტიკულად წაერთმია სკოლა ნათია ჯანაშიასთვის“, – ნათქვამია ბრიტანულ–ქართული აკადემიის კურსდამთავრებულთა განცხადებაში.
საპროტესტო აქციის ინიციატორები დარწმუნებული არიან, რომ სკოლა მენეჯმენტის ასეთი მეთოდებით შეცვლის შემთხვევაში „ვეღარ შეინარჩუნებს ბრიტანეთის საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაციის (COBIS) აკრედიტაციას, რაც უზარმაზარი რეპუტაციული დარტყმა იქნება როგორც ბრიტანულ–ქართული აკადემიისთვის, ისე თითოეული მოსწავლისთვის, რომელთა სასკოლო ატესტატი ვეღარ იქნება მათთვის ერთგვარი საშვი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში“.
სკოლის კურსდამთავრებულები ინვესტორ კომპანიას და მის დირექტორის ირაკლი გილაურს სკოლისადმი არასწორ მიდგომაში ადანაშაულებენ და მიაჩნიათ, რომ გილაური ბრიტანულ–ქართულ აკადემიას რიგით ბიზნესად აღიქვამს და არა სკოლად, სადაც მოსწავლეებმა განვითარებული სამყაროს შესაბამისი განათლება უნდა მიიღონ.
აქციის მონაწილეები თავის განცხადებაში ირაკლი გილაურს „ბრიტანულ–ქართული აკადემიის ოკუპანტად“ მოიხსენიებენ და მოუწოდებენ მას, შეწყვიტოს სკოლის და უშუალოდ ნათია ჯანაშიას წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია და ურჩევენ, ახლა მაინც შეასრულოს სკოლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.
ბრიტანულ–ქართულ აკადემიასთან კურსდამთავრებულების და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია სამშაბათს, 4 მარტს, დილის 8 საათზე დაიწყება.