თბილისი (GBC) – ევროპის მსხვილი აეროპორტების მგზავრები ევროკავშირის შესვლისა და გასვლის ახალი სისტემის (EES) ამოქმედების შემდეგ ხანგრძლივ რიგებს აწყდებიან. ამის შესახებ Financial Times ანალიტიკურ ჯგუფ Qsensor-ზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ფრანკფურტის აეროპორტში ივლისში ლოდინის მაქსიმალურმა დრომ 120 წუთს მიაღწია, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 60 წუთს შეადგენდა. მიუნხენის აეროპორტში რიგების ხანგრძლივობა 31 წუთიდან ერთ საათამდე გაიზარდა, ხოლო ამსტერდამში – 80 წუთიდან 120 წუთამდე.
EES სისტემა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისგან შენგენის ზონის გარე საზღვრების კვეთისას თითის ანაბეჭდებისა და სახის გამოსახულების რეგისტრაციას ითვალისწინებს.
სისტემის დანერგვას თან ახლავს შეფერხებები, ტექნიკური ხარვეზები და აღჭურვილობასთან დაკავშირებული პრობლემები.
მგზავრთა ნაკადის პიკურ პერიოდებში ზოგიერთმა აეროპორტმა დროებით შეაჩერა შემოწმების ცალკეული პროცედურები, მათ შორის თითის ანაბეჭდების შეგროვება.
ევროკომისიის განცხადებით, სისტემაში რეგისტრაციას საშუალოდ დაახლოებით 70 წამი სჭირდება, ხოლო მისი ამოქმედების შემდეგ უკვე 160 მილიონი შესვლა და გასვლა დაფიქსირდა.
