თბილისი (GBC) - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე ქვეყნის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის გამოსავლენად ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

კენჭისყრაში მონაწილეობა წმინდა სინოდის 39-ვე წევრმა მიიღო. ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს - მოცემულ შემთხვევაში 20 ხმას - დააგროვებს.

აღსანიშნავია, რომ კრებაში მონაწილე სხვა დელეგატები მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობდნენ, უშუალოდ გადაწყვეტილება კი სინოდის წევრებმა ფარული კენჭისყრით მიიღეს.

ამჟამად ხმების დათვლის პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. საბოლოო შედეგს პირდაპირ ეთერში ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე, მეუფე ანანია გამოაცხადებს. პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი), მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

თეოლოგებისა და ექსპერტების შეფასებით, ეს არჩევნები ისტორიულია, რადგან ახალმა წინამძღოლმა უნდა განსაზღვროს ეკლესიის სამომავლო კურსი საერთაშორისო მართლმადიდებლურ სამყაროში და უპასუხოს თანამედროვე სოციალურ თუ საგანმანათლებლო გამოწვევებს. პოლიტიკური სპექტრისთვის კი უმთავრესი ეკლესიის, როგორც საზოგადოების გამაერთიანებელი ინსტიტუტის, სტაბილურობის შენარჩუნებაა