თბილისი (GBC) - გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი შეუფერებელია ევროპის წარსადგენად ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებაში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას ისახავს მიზნად, - განაცხადა ორშაბათს ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა კაია კალასმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ უქმეებზე გააჟღერა მოსაზრება, რომ შრედერს, რომელიც გერმანიის კანცლერი 1998-2005 წლებში იყო, შეეძლო ევროპული ქვეყნების წარმოდგენა სამშვიდობო მოლაპარაკებებში. წარსულში შრედერს რუსულ სახელმწიფო ენერგოკომპანიებში სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა.
„პირველ რიგში, თუ ჩვენ რუსეთს მივცემთ უფლებას, ჩვენი სახელით დანიშნოს მომლაპარაკებელი, ეს არ იქნება ძალიან გონივრული“, - განაცხადა კალასმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე. – „მეორეც, ვფიქრობ, გერჰარდ შრედერი იყო რუსული სახელმწიფო კომპანიების მაღალი დონის ლობისტი, ამიტომ ნათელია, რატომ სურს პუტინს მისი კანდიდატურა - ასეთ შემთხვევაში ის მაგიდის ორივე მხარეს იჯდებოდა“.
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მთავარი მედიატორის როლს მანამდე აშშ ასრულებდა, მაშინ როცა ევროპა პროცესს გარედან აკვირდებოდა - თუმცა ზოგიერთი ლიდერი მოუწოდებს ევროპას, უფრო აქტიური როლი იკისროს.
გასულ უქმეებზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ევროპა უნდა მონაწილეობდეს მოლაპარაკებებში და მას წარადგენდნენ ე.წ. „E3“ ჯგუფის (გერმანია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო) ოფიციალური პირები.
კითხვაზე, თუ რა პირობებში შეიძლება დათანხმდეს ევროკავშირი პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებში შესვლას, კალასმა აღნიშნა, რომ მოსკოვი დათმობებზე უნდა წავიდეს. მან ევროპელების მეტად ჩართულობის ერთ-ერთ შესაძლო ნაბიჯად მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანა დაასახელა.
„ევროპული უსაფრთხოების პრობლემა ისაა, რომ რუსეთი მუდმივად ესხმის თავს მეზობლებს“, - დაამატა ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. – „ამისათვის ჩვენ გვჭირდება დათმობები რუსული მხრიდანაც. გასულ კვირას ვიყავი მოლდოვაში, სადაც, მაგალითად, რუსული ჯარები დგას. რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად ერთ-ერთი პირობა შეიძლება სწორედ მათი ჯარების გაყვანა იყოს“.