თბილისი (GBC) - საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასი ლითონების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც ფიზიკური, ისე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მებაჟეებმა დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს.

უწყების ინფორმაციით, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული 420 გრამი ოქროსა და 27 გრამი ვერცხლის ნაკეთობები სამართალდამრღვევ მოქალაქეს მცირე ზომის ხელჩანთასა და მანქანის სალონში სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში ჰქონდა მალული.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 135 545 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.