თბილისი (GBC) – ლუდისა და სპირტიანი სასმელების რეგულარული მოხმარება თირკმელების სერიოზული დაზიანების რისკს ზრდის, მაშინ როცა ზომიერი რაოდენობით ღვინის მიღება ორგანიზმზე დამცავ გავლენას ახდენს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian კემბრიჯის ანგლია რასკინის უნივერსიტეტის (Anglia Ruskin University) მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა გაერთიანებული სამეფოს ბიობანკის (UK Biobank) მონაცემთა ბაზიდან 250 791 ზრდასრული ადამიანის ჯანმრთელობის მაჩვენებლები გააანალიზეს და მათ 14 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

კვლევის შედეგების მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც კვირაში ცხრა ერთეულ სპირტიან სასმელს მოიხმარენ, თირკმლის მწვავე დაზიანების განვითარების 26%-ით მეტი ალბათობა აქვთ, ვიდრე მათ, ვინც კვირაში მხოლოდ ერთ ერთეულს იღებს.

მაღალი რისკის ქვეშ არიან ლუდის მომხმარებლებიც, კვირაში 24 ერთეული ლუდის მიღება დაავადების განვითარების რისკს 15%-ით ზრდის იმ პირებთან შედარებით, ვინც კვირაში სამ ერთეულს სვამს.

ამის საპირისპიროდ, კვირაში 14 ერთეულზე ნაკლები წითელი ან თეთრი ღვინის მოხმარება თირკმელების დაზიანების რისკს არ ზრდის და მეტიც, მის შემცირებასაც უწყობს ხელს. თუმცა, კვლევის ხელმძღვანელის, დოქტორ რუდოლფ შუტეს განმარტებით, თუ ღვინის მომხმარებლები კვირაში 14 ერთეულზე მეტს იღებენ (რაც დიდ ბრიტანეთში რეკომენდებული მაქსიმალური ნორმაა), ისინიც იმავე რისკის ქვეშ ექცევიან.

მკვლევრების შეფასებით, თუკი ტრადიციულად ალკოჰოლის მიერ თირკმლის დაზიანება ღვიძლზე ზემოქმედებას უკავშირდებოდა, ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ლუდი და სპირტიანი სასმელები თირკმელებს პირდაპირ, ანთებითი პროცესების გააქტიურების გზით აზიანებს. კერძოდ, მაღალი რისკის მქონე პირებში მომატებული აღმოჩნდა ანთებითი მარკერები (C-რეაქტიული ცილა და ნეიტროფილები), მაშინ როცა წითელმა და თეთრმა ღვინომ საპირისპირო, დამცავი ეფექტი აჩვენა, განსაკუთრებით მამაკაცებში წითელი ღვინის ზომიერი მოხმარებისას.

მიუხედავად ამისა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კვლევამ მხოლოდ ასოციაციური და არა მიზეზშედეგობრივი კავშირი გამოავლინა.

ალკოჰოლის კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარე, დოქტორ პიტერ რაისი კი მონაცემების ფრთხილად ინტერპრეტაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ალკოჰოლის მოლეკულის ზემოქმედება ქსოვილებზე სასმლის ტიპის მიხედვით არ იცვლება, ხოლო ღვინის მომხმარებლების უკეთესი ჯანმრთელობის მაჩვენებლები ხშირად სხვა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებით, უკეთესი კვების რაციონითა და ფიზიკური აქტივობით აიხსნება.