თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 3Q26-ში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 424.2 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 838.7 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 3.5%-ით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 5.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

3Q26-ში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 856.1 ათასით განისაზღვრა, რაც 7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 36.2%, 51-70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.8%-ს შეადგენდა.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 36.9% თბილისის მაცხოვრებელია, 15.9% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

3Q26-ში ვიზიტების უმრავლესობა (49.6%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისსა (საშუალოდ 394.1 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 349.8 ათასი ვიზიტი თვეში).

3Q26-ში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა ₾445.4 მლნ-ით, რაც 11.5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 5.7%-ით და 242.3 ლარს გაუტოლდა.