თბილისი (GBC) - საქართველოში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებული 743 740 პირიდან უდიდესი ნაწილი - 621 607 ადამიანი (83.6%) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებშია (შპს) დასაქმებული. ეროვნული სტატისტიკის სამსახურის (საქსტატი) 1Q26-ის მონაცემები მოწმობს, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილების გენერირების ძირითად მამოძრავებელ ძალას კვლავ კერძო სამართლის იურიდიული პირები წარმოადგენენ.

საქსტატის მიხედვით, საორგანიზაციო-სამართლებრივი ფორმების ჭრილში, დასაქმების თვალსაზრისით მეორე ადგილზეა სააქციო საზოგადოებები (სს), სადაც 82 095 პირი მუშაობს (მათგან 71 753 მსხვილ საწარმოებზე მოდის). ინდივიდუალურ მეწარმეებთან დაქირავებით დასაქმებულია 34 710 ადამიანი, სადაც ქალთა დასაქმების წილი მკვეთრად მაღალია და 62.5%-ს (21 700 ქალი) შეადგენს.

უცხოური საწარმოების ფილიალებში კი I კვარტალში 4 444 დაქირავებული პირი ფიქსირდება.

საკუთრების ფორმები და უცხოური კაპიტალი

საქსტატის მონაცემების თანახმად, ქართულ ბიზნესში დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა კერძო სექტორზე მოდის:

  • ადგილობრივი კერძო სექტორი (ადგილობრივი ფიზიკური და იურიდიული პირები) - 558,763 დასაქმებული (მთლიანი ბაზრის 75.1%)
  • უცხოური კერძო სექტორი (უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირები) - 126,271 დასაქმებული (17%)
  • სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები - 58,705 დასაქმებული (7.9%)

საინტერესოა, რომ უცხოური კაპიტალის მქონე კერძო საწარმოებში დასაქმებულთა ნახევარზე მეტი - 71,911 ადამიანი - მსხვილ ბიზნესშია კონცენტრირებული. სახელმწიფო საწარმოების შემთხვევაში კი ეს ტენდენცია კიდევ უფრო გამოკვეთილია: სახელმწიფო ბიზნესსექტორში დასაქმებულთა 83% (48 778 პირი) სწორედ მსხვილ კომპანიებში მუშაობს, მაშინ როცა მცირე სახელმწიფო საწარმოებში დაქირავებულთა რაოდენობა მხოლოდ 3 876-ს შეადგენს.

გენდერული ბალანსი საწარმოთა ზომის მიხედვით

ჯამურ მაჩვენებლებში, ბიზნესში დასაქმებული 743 740 პირიდან 340 157 ქალია, რაც საერთო რაოდენობის 45.7%-ს შეადგენს. გენდერული გადანაწილება საწარმოთა ზომის მიხედვით თითქმის იდენტურ პროპორციას ინარჩუნებს: მსხვილ საწარმოებში დასაქმებულთაგან ქალია 47.9% (167 217), საშუალოში - 45.1% (69 963), ხოლო მცირე საწარმოებში  42.8% (102 977).