თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 701.0 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4.9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.9%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 562.6 ათასი შეადგინა, რაც 7.4%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 373.1 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 0.4%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტების უმრავლესობა, 48.2%, განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 45% შეადგინა.

ამასთან, 2024 წლის IV კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 34.2%, განხორციელდა საყიდლების მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 200.0 ათასი და 110.9 ათასი ვიზიტი. 

2024 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.3 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის IV კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.6 ღამე) 9.9%-ით მეტია. ვიზიტების 97.8% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 541.6 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 2.9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის IV კვარტალთან შედარებით 4.8%-ით გაიზარდა და 962.6 ლარი შეადგინა.