თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 644.5 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 1 766.2 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 1.8-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 2-ჯერ აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს.

2024 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 269.6 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 611.5 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა როგორც გადატანილი ტვირთის (20.3%-ით), ისე ტვირთბრუნვის (43.6%-ით) მოცულობა.

2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7 440.3 ათას მგზავრს მოემსახურა1, რაც 23.9%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 3 711.6 ათასი მგზავრი (24.2%-ით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 3 728.7 ათასი მგზავრი (23.5%-ით მეტი).

2024 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.

2024 წელს საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 30.3 ათასი შეადგინა, რაც 18.9%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

2024 წელს საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 26.2 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 86.7% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 13.3% - გაგზავნილი.

2024 წელს საქართველოს აეროპორტებში 2.2 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 2.1-ჯერ აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრირებული იყო 70 ერთეული საჰაერო ხომალდი (16.7 პროცენტით მეტი წინა წელთან შედარებით), რომელთა 78.6%-ს სამგზავრო საჰაერო ხომალდები შეადგენდა, ხოლო 21.4%-ს — სატვირთო. სამგზავრო საჰაერო ხომალდების 76.4%-ს 50-ზე ნაკლები ადგილი ჰქონდა, 10.9%-ს — 51-150 ადგილი, ხოლო 12.7% იყო 151-250 ან მეტი ადგილით.

2024 წლისთვის საქართველოს აეროპორტებს ჰქონდა 6 ასაფრენი ბილიკი, 58 გამშვები პუნქტი, 25 სამგზავრო გასასვლელი და 1.9 ათასი საპარკინგე ადგილი კერძო ავტომობილებისათვის.