თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $5.15 მლრდ შეადგინა, რაც 7.7%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.6%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.5%-ით გაიზარდა და $2.3 მლრდ-ს გაუტოლდა.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს შესაბამისი მაჩვენებლების განვითარების ტენდენციას 2022-2025 წლებში.

2025  წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 70.4% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან:

  • რუსეთი ($509.2 მლნ)
  • თურქეთი ($211 მლნ)
  • ჩინეთი ($197.1 მლნ).

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი $276.2 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.8%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, $189.1 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.1%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები $167.3 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1%).