თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 4.4%-იანი მატება.

2025 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასები 6.5%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.44 პ.პ.-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.9%), რამაც 0.7 პ.პ. შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (1.7%). გარდა ამისა, ფასების 0.1%-იანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.02 პ.პ. შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 17.9%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.13 პ.პ.-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (24%)
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 2.6%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2.07 პ.პ.-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (5.1%) და სასმელებზე (4.7%)
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 11.6%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.18 პ.პ.-ით იქონია გავლენა