თბილისი (GBC) –  საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6% შეადგინა.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, 2010-2022 წლებში.

2022 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.3 % შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 20.6 %-ს გაუტოლდა.

2022 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 20.4 % შეადგინა (-2.3 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 15.3 % (-2.0 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში - 10.5 % (-1.4 პროცენტული პუნქტი). აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისათვის შემცირებულია 1.8 პროცენტული პუნქტით და 15.3 %-ს შეადგენს, ხოლო კაცებისათვის მაჩვენებელი შემცირებულია 2.1 პროცენტული პუნქტით და 15.8 %-ს შეადგენს.