თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 5.7%-იანი მატება.

2026 წლის იანვართან შედარებით ფასები 2.2%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.17 პ.პ.-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.5%), რამაც -0.38 პ.პ. შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება კვების პროდუქტებზე (-0.5%) და ძირითად ფარმაცევტულ პროდუქტებზე და ფარმაცევტულ პრეპარატებზე (-6.1%).

გარდა ამისა, ფასების 1.9%-იანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.2 პ.პ. შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 34.2%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 2.19 პ.პ.-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (47.6%)
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.1%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.24 პ.პ.-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (10.3%) და ძირითად ლითონებზე (11.2%)
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 1%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.11 პ.პ.-ით იქონია გავლენა
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 5.1%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.16 პ.პ.-ით იქონია გავლენა