თბილისი (GBC) - „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში თანადაფინანსება ₾692.969-ის ოდენობით ქართული ღვინის მწარმოებელმა ცხრა კომპანიამ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

ეს კომპანიებია: „ჯიველი“, „ვილა მოსავალი“, „თელიანი ველი“, „ვაზისუბნის მამული“, „მეღვინეობა ჩელთი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „თიკო ისთეით“ და „მეღვინეობა შუმი“.

ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2021 წლის სექტემბერში „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა.

პროგრამას სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით ახორციელებს.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას მხოლოდ იმ კომპანიებისთვის ახორციელებს, რომლებიც ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა), პრიორიტეტულ ბაზრებზე ახორციელებენ.

პროგრამის პირობების თანახმად, აღნიშნულმა კომპანიებმა, მიზანმიმართული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა გაზარდეს ამერიკის, ევროპისა და აზიის ბაზრების მიმართულებით.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს პროგრამით თანადაფინანსება ხუთმა კომპანიამ მიიღო, ჯამური თანხით 243,281.28 ლარი.