თბილისი (GBC) – „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლებმა ნათია ჯანაშიამ და დავით ცეცხლაძემ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნათია თურნავას განცხადებით მიმართეს, რომელშიც მარეგულირებელი ორგანოს მიერ სს „საქართველოს კაპიტალისა“ და მისი ხელმძღვანელის ირაკლი გილაურის უკანონო ქმედებების შესწავლას მოითხოვენ.
„სს „საქართველოს კაპიტალი“ საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ არსებული ორგანიზაციაა და მნიშვნელოვანია, მარეგულირებელ ორგანოსა და მის პრეზიდენტს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია და, უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელონ შესაბამისი რეაგირება იმ უკანონო ქმედებებთან მიმართებით, რასაც გილაური და სს „საქართველოს კაპიტალი“ ახორციელებენ აკადემიის დამფუძნებლებისა და აკადემიის მიმართ. კერძოდ, განცხადებაში მითითებულია ძალადობრივი მეთოდებით აკადემიის ოკუპაციისა და აკადემიის დამფუძნებლების ბიზნესის მიტაცების მცდელობის შესახებ. ეროვნულ ბანკს, აგრეთვე, მიეწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გილაური მანიპულირებს გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული და ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაშვებული კომპანიით, Georgia Capital PLC, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაშვებული კომპანიის საქმიანი რეპუტაციით შევიდეს „საინვესტიციო“ გარიგებებში. ფაქტობრივად კი, ოპერირებს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებით, სს „საქართველოს კაპიტალი“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფი“, რათა ბრიტანულ კომპანიას აარიდოს შესაძლო სისხლისსამართლებრივი და სხვა უკანონო ქმედებებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები. სინამდვილეში, ლონდონში რეგისტრირებული Georgia Capital PLC და საქართველოში რეგისტრირებული სს „საქართველოს კაპიტალი,“ ასევე, სს „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილი კომპანია, შპს „საქართველოს განათლების ჯგუფი,“ ერთი მენეჯმენტის მიერ იმართება“, – ნათქვამია ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის მიმართვაში ნათია თურნავასადმი.
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები იმედს იტოვებენ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეისწავლის და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს მათ განცხადებასთან დაკავშირებით.
ნათია ჯანაშიამ და დავით ცეცხლაძემ მანამდე საქართველოს მთავრობასაც მიმართეს წერილით, რომელშიც ირაკლი გილაურს მათი სკოლების „ბრუტალური, მხეცური გზებით ოკუპაციაში“ ამხელდნენ.
(R)