თბილისი (GBC) - Lion Finance Group PLC-ის (ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე 1Q25-ს ოპტიმისტურად აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოსა და სომხეთში ეკონომიკური გარემო ქმნის ხელსაყრელ ფონს ჯგუფის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, მიუხედავად გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევებისა.

მისი თქმით, შუა კორიდორის გრძელვადიანი პოტენციალი, რეგიონული მდგრადობა და ციფრული ტრანსფორმაცია მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ჯგუფის ზრდას, რაც აისახა 28.7%-იან ROAE-ზე და 39%-იან მოგების ზრდაზე.

2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ჯგუფის მთლიანმა აქტივებმა ₾53.8 მლრდ-ს მიაღწია, რაც 26.7%-ითაა გაზრდილი (y.y). აქციის საბალანსე ღირებულება გაიზარდა 25.8%-ით და გახდა ₾170.99, ხოლო კვარტალური ზრდა შეადგინა 5.1%-ს.

გაჩეჩილაძემ გამოთქვა მტკიცე ნდობა ჯგუფის ძირითადი ბაზრების მდგრადობის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთზე აშშ-ის სავარაუდო ტარიფების პირდაპირი გავლენა მინიმალურია. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აზიასა და ევროპას შორის შუა დერეფნის სტრატეგიულ შესაძლებლობებზე, რაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს რეგიონისთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

ჯგუფის CEO კვარტალურ ანგარიშში საქართველოს ეკონომიკასაც მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ მშპ 2025 წლის პირველი კვარტალში რეალური ზრდით 9.3%-ით გამოირჩეოდა, რის გამოც Lion Finance-მა წლის საერთო ზრდის პროგნოზი 6.8%-მდე გაზარდა. საქართველოს ლარი კი აშშ დოლარის მიმართ 2%-ით გაძლიერდა წლის პირველ ოთხ თვეში. სომხეთის ეკონომიკური გარემო კვლავ პოზიტიურია, სადაც 2025 წელს 4.5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

ჯგუფის ქართული ფინანსური სერვისების სექტორში (GFS) დაფიქსირდა 18%-იანი ზრდა (y.y) სესხების პორტფელში და ₾24.05 მლრდ-ს მიაღწია, რაც ჯგუფის CEO-ს თქმით, ხელს უწყობდა წმინდა საპროცენტო შემოსავლის ზრდას, თუმცა საპროცენტო მარჟაზე წნეხი გაიზარდა ლიკვიდობის ჩვეულებრივზე მაღალი დონის გამო, რომელიც შენარჩუნდა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში. „ეს წარმოადგენს პოზიტიურ პოტენციალს, რადგან მომავალში შესაძლებელი იქნება ამ ჭარბი ლიკვიდობის ეფექტურად განთავსება“.

მიუხედავად იმისა, რომ საკომისიოებიდან მიღებული შემოსავალი ორნიშნა ტემპით გაიზარდა, საკომისიოებიდან მიღებული ხარჯების ზრდამ გავლენა მოახდინა წმინდა საკომისიოებიდან მიღებული ზრდის ტემპზე, რომელიც 2025 წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით 6.2%-ს შეადგენდა.

„ამ ხარჯების მოგვარება გუნდისთვის მუდმივი პრიორიტეტია. პორტფელის ხარისხი ძალიან ჯანსაღი დარჩა და საერთო ჯამში, GFS-მა პირველ კვარტალში ₾405.1 მლნ-ის მოგება დააფიქსირა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.4%-ითაა გაზრდილი“.

Ameriabank-ის ციფრულ მომხმარებელთა რაოდენობა 53.1%-ით გაიზარდა და 245,000-ს მიაღწია, წმინდა სესხები კი 30.9%-ით, ₾9.34 მლრდ-მდე გაიზარდა. სომხეთის ფინანსურმა სერვისებმა (AFS) 1Q25-ში ₾95.5 მლნ-ის მოგება მიიღო.

Lion Finance Group-მა მთლიანად, 1Q25-ში ₾513.1 მლნ-იანი მოგება მიიღო (ერთჯერადი ხარჯების გარეშე), რაც 39%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო — ROAE 28.7%. არჩილ გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ ეს შედეგები ადასტურებს ჯგუფის შესაძლებლობას უზრუნველყოს მდგრადი ღირებულება აქციონერებისთვის.