თბილისი (GBC) - ღვინის ეროვნული სააგენტო 8 მაისს, „ღვინის ეროვნულ დღესთან“ დაკავშირებით, მასშტაბურ ღონისძიებებს გეგმავს, რისთვისაც 2 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს. შესყიდვის დოკუმენტაციის თანახმად, თბილისში დაგეგმილია თემატური ფესტივალი, სამეცნიერო კონფერენციები და ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანია.
სააგენტოს მიერ წარმოდგენილი გეგმა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს:
- ფესტივალის ორგანიზება: სხვადასხვა ლოკაციაზე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით, რაც მოიცავს საფესტივალო დახლების, კარვებისა და სცენების მოწყობას.
- მარკეტინგული კამპანია: ე.წ. „აუთდორ“ კამპანია (ბანერები სხვადასხვა ლოკაციაზე), ციფრული ვიზუალური აქტივობები სოციალურ ქსელებში და სარეკლამო მასალები საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და აეროპორტებში.
- შოუ-პროგრამა: თემატური წარმოდგენები და მუსიკალური გაფორმება.
- სამეცნიერო ნაწილი: საერთაშორისო სპიკერების მოწვევით საკონფერენციო სივრცეების მოწყობა და სრული ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
სააგენტო გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობას დროის დეფიციტით ხსნის. დოკუმენტაციის მიხედვით, ღონისძიების კონცეფცია, რომელზეც შპს „გალილეო სტრატეჯი“ მუშაობს, 5 მარტისთვის იქნება მზად. სააგენტოს განმარტებით, ტენდერის სტანდარტული პროცედურები 8 მაისამდე დარჩენილ პერიოდში ვერ ესწრება და არსებობს ღონისძიების ჩაშლის რისკი.
„დროის რესურსი არ არის საკმარისი მიმწოდებლის ტენდერის პროცედურების საშუალებით გამოსავლენად. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა გამარტივებული შესყიდვის საკითხი“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
შესყიდვის ზუსტი მოცულობა მას შემდეგ დადგინდება, რაც ცნობილი გახდება საბოლოო კონცეფცია და გამოფენაში მონაწილე ქართული კომპანიების რაოდენობა.
შეგახსენებთ, რომ 8 მაისი ღვინის ეროვნულ დღედ პრემიერ-მინისტრის განკარგულებით 2026 წლის თებერვალში გამოცხადდა. სააგენტოს განცხადებით, ეს დღე უნდა გახდეს პლატფორმა, რომელიც მევენახეებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ტურისტულ სექტორსა და აკადემიურ წრეებს გააერთიანებს.