თბილისი (GBC) - პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები 9 ივნისს, მესამე მოსმენით, 75 ხმით ერთის წინააღმდეგ, დაამტკიცა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა სექტორში რამდენიმე მნიშვნელოვან რეფორმას ითვალისწინებს.

მიღებული კანონის პროექტის თანახმად, იცვლება „მცირე ზომის მარნის“ დეფინიცია და მისი წლიური წარმადობის მაქსიმალური ზღვარი 40 000 ლიტრიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება.

საკანონმდებლო ცვლილებით, ტერმინი „სახლის ღვინო“ ჩანაცვლდება ტერმინით - „ბუნებრივი ღვინო“. აღნიშნული სტატუსი ითვალისწინებს პროდუქციის წარმოებას სისტემური პესტიციდების, ჰერბიციდებისა და სხვა ქიმიური სინთეზური საშუალებების გამოყენების გარეშე.

კანონპროექტით სავალდებულო ხდება სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელების ნიშანდება, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელებს.

ამასთან, ახალი რეგულაციით, როგორც საექსპორტოდ, ისე ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინო სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას დაექვემდებარება. აღნიშნული ვალდებულება არ გავრცელდება მხოლოდ „ბუნებრივ ღვინოზე“.