თბილისი (GBC) - ქართული ღვინის დეგუსტაცია ვარშავაში, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენის „Warsaw Wine Expo” ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო წერს.
სააგენტოს თქმით, ღონისძიებას პროფესიონალი სომელიე, პოლონეთის სომელიეთა ასოციაციის წევრი, ვოიჩეხ სტარჟიცკი უძღვებოდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს, სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „People PR” და პოლონური ღვინის ჟურნალის „Trybuszon” მხარდაჭერით გამართულ დეგუსტაცია-სემინარზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 10-მდე კომპანიის როგორც ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით დამზადებული ღვინოები.
ქართული ღვინის დეგუსტაციას სომელიეეები, HoReCa სექტორის წარმომადგენლები და იმპორტიორები ესწრებოდნენ.
პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენა „Warsaw Wine Expo” 11-13 მარტს გაიმართა.
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები პოლონეთში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის მთელი წლის განმავლობაში გაიმართება.