თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 4Q25-ში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 7.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.2%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც 8.3%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
4Q25-ში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია, რაც 9.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 10.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 79.5% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 16.5% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
4Q25-ში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 280.6 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.1%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 17.1%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.7%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (334 ათასი), თურქეთისა (285.2 ათასი) და სომხეთის (228.1 ათასი) მოქალაქეების მიერ.
ვიზიტორების უმრავლესობა (46.2%) მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების მთლიანი რაოდენობის 40.2%-ს შეადგენდა.
4Q25-ში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (43.7%) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 866.8 ათასი და 466.9 ათასი ვიზიტი.
საქსტატის მონაცემებით, 4Q25-ში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.95 ღამე შეადგინა, რაც 4Q24-ში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.05 ღამე) 1.9%-ით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 82.1% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
4Q25-ში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 4Q24-თან შედარებით 6.8%-ით შემცირდა და 1 946.7 ლარი შეადგინა.