თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 367 200–ით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 699 300 ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 6%-ით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.2%-ით გადააჭარბა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 722.9 ათასით განისაზღვრა, რაც 7.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 

2024 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების 36.2% 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56.3 პროცენტს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 39.2% ქ. თბილისის მცხოვრებია, 16% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 8.6% - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

დიაგრამა ასახავს 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობის განაწილებას საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით:

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (52.4%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 379.4 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 373.9 ათასი ვიზიტი თვეში).

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 264.2 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 13.2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 6.6%-ით და 155.5 ლარს გაუტოლდა.