თბილისი (GBC) – საქართველოს, თურქეთის, იტალიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის და სერბეთის შემდეგ სლოვენია მეცხრე ქვეყანა გახდა, რომელსაც აზერბაიჯანი ბუნებრივ გაზს აწვდის.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ SOCAR ხუთშაბათიდან, პირველი აგვისტოდან დაიწყო ბუნებრივი გაზის მიწოდება სლოვენიისთვის, – ნათქვამია კომპანიის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„2024 წლის პირველი აგვისტოდან SOCAR–მა სლოვენიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო. გაზის მიწოდება მიმდინარე წლის 17 ივლისს SOCAR–სა და ბუნებრივი გაზის ბაზარზე უმსხვილეს სლოვენიურ კომპანიას Geoplin–ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე დაიწყო“, – ნათქვამია პრეს–რელიზში. თუმცა, მიწოდების მოცულობების შესახებ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი.

აქვე მითითებულია, რომ საქართველოს, თურქეთის, იტალიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის და სერბეთის შემდეგ სლოვენია მეცხრე ქვეყანაა, რომელსაც ბუნებრივი გაზით აზერბაიჯანი ამარაგებს.

2023 წელს აზერბაიჯანმა ექსპორტზე 23,8 მლრდ კბ/მ გაზი გაიტანა, საიდანაც 11,8 მლრდ ევროპელ დამკვეთებზე მოდის. პროგნოზის თანახმად, 2024 წელს აზერბაიჯანი ექსპორტზე 25 მლრდ კბ/მ გაზს გაიტანს, საიდანაც 13 მლრდ ევროპის ქვეყნებში შევა.