თბილისი (GBC) – რუსეთის განათლების სამინისტროს აღმზრდელობით სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ნატალია აგრემ განაცხადა, რომ რუს ახალგაზრდობას სჭირდება დიდი მშენებლობა, რომელიც ბაიკალ–ამურის მაგისტრალის (ბამ) მასშტაბის იქნება.

„ეს იდეა თავში დიდი ხნის წინ მომიმწიფდა: რუსეთის ახალგაზრდობისთვის უნდა გაჩნდეს სრულიად რუსეთის მნიშვნელობის პროექტი: არა ღონისძიების სახის, არამედ რეალურად ხელქმნილი და ხელშესახები, რომელიც თითოეულ მოსწავლეს შეეხება – ჩვენი ახალი ბამი“, – ციტირებს აგრეს ექსპერტულ–ანალიტიკური ცენტრის „სამეცნიერო–საგანმანათლებლო პოლიტიკა“ ტელეგრამ–არხი.

მისივე თქმით, ასეთი პროექტის წყალობით ახალგაზრდები ნახავენ საკუთარ ქვეყანას, გაიცნობენ ახალ მეგობრებს, შეყვარებულებს და რუსეთსაც სარგებელს მოუტანენ.

„ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა – 14–დან 35 წლამდე, სავალდებულო უნდა იყოს ორი კვირა, ან ერთი თვე, როგორც ჯარი“, – აღნიშნა აგრემ.

ბაიკალ–ამურის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 1932 წელს დაიწყო. მშენებლობაზე კომკავშირელები და სარკინიგზო ჯარები გამოიყენეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მშენებლობა შეწყდა და მხოლოდ 1974 წელს განახლდა. მშენებლობა 1989 წელს დასრულდა. ეს პროექტი სსრკ–ს ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულად მიიჩნევა.