თბილისი (GBC) – მთელი სერბეთის ტერიტორიაზე აგორებული საპროტესტო გამოსვლების დროს სულ მცირე 42 პოლიციელი დაშავდა, მათ შორის 26 ბელგრადში. დაკავებულია აქციების 37 მონაწილე. ამის შესახებ რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა განაცხადა.
„ეს წინასწარი მონაცემებია, სულ მცირე 42, თან რამდენიმე ადამიანმა მძიმე ტრავმა მიიღო. ოპერატიული მოქმედებები გრძელდება. ამ მომენტისთვის 37 ადამიანია დაკავებული“, – თქვა დაჩიჩმა პრეს–კონფერენციაზე.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი ინციდენტი ქალაქ ნოვი–სადში მოხდა. მისი თქმით, დემონსტრანტებმა დაანგრიეს და ცეცხლი წაუკიდეს მმართველი სერბული პროგრესული პარტიის შენობას.
ხუთშაბათს საღამოს საპროტესტო აქციები გაიმართა ნოვი–სადში, ბელგრადში, ჩაჩაკში და სხვა ქალაქებში.
სერბეთში პროტესტი 2024 წლის ნოემბერში აგორდა მას შემდეგ, რაც ნოვი–სადში სარკინიგზო სადგურის ბეტონის გადახურვა ჩამოინგრა – შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. ამ ტრაგედიის მიზეზად დემონსტრანტები კორუფციას ასახელებენ. ივნისის ბოლოდან პროტესტი გამწვავდა მას შემდეგ, რაც აქტივისტების მიერ პრეზიდენტ ვუჩიჩისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა: დატოვოს თანამდებობა და ჩანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ვუჩიჩმა უარყო ეს მოთხოვნები და ჯიუტად ითხოვს არჩევნების 2026 წლის ბოლოსთვის ჩატარებას.