თბილისი (GBC) – ETF–ის ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა ორშაბათ–სამშაბათის ერთ ღამეში ბიტკოინის კურსი 13%–ით გაზარდა და ეტალონური მონეტის ფასმა $35 000–ს გადააჭარბა. 

ბიტკოინმა გაძვირება ორშაბათს საღამოს დაიწყო და სულ რამდენიმე საათში მიაღწია საკმაოდ მაღალ ნიშნულს – $35 308.

ბიტკოინის კურსის მკვეთრი გაზრდას ანალიტიკოსები ETF iShares spot Bitcoin–ს უკავშირებენ, რომელიც კომპანია BlackRock–მა შეიმუშავა. ორშაბათს საღამოს Bloomberg-ის ანალიტიკოსი ერიკ ბალჩუნასი წერდა, რომ ფირმამ Depository Trust & Clearing Corporation, რომელიც Nasdaq–თან დაკავშირებული ოპერაციების ანგარიშსწორებებს ამუშავებს, ამ საინვესტიციო ინსტრუმენტის ლისტინგი განახორციელა.

Nasdaq–ის პარტნიორის პლატფორმაზე ბიტკოინ– ETF–ის დამატება ნიშნავს, რომ ბირჟა iShares spot Bitcoin–ით ვაჭრობის დასაწყებად ემზადება. აქედან გამომდინარე ბალჩუნასი ვარაუდობს, რომ BlackRock–ის განაცხადი კრიპტოვალუტაში საბირჟო ფონდთან დაკავშირებით უკვე დაკმაყოფილებულია. თუ ეს ჰიპოთეზა გამართლდა, ყბიტკოინი კოლოსალურ კაპიტალდაბანდებებს მოიზიდავს.