თბილისი (GBC) – აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის მოკლე დროში დარეგულირება დააანონსა. ვაშინგტონმა მხარეებს შესთავაზა, თავად გააკონტროლოს მომავალი სატრანსპორტო დერეფანი, რომელმაც აზერბაიჯანის დასავლეთი რაიონები მის ექსკლავს – ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას უნდა დაუკავშიროს სომხეთის სიუნიკის რაიონის გავლით. 

„ისინი (სომხეთი და აზერბაიჯანი. – რედ.) 32 კილომეტრი სიგრძის გზაზე დაობენ, თუმცა ეს სახუმარო სულაც არ არის. ეს უკვე ათი წელია, გრძელდება – 32 კილომეტრი გზა. მაშ ასე, რა ხდება, ამერიკა მოდის და ამბობს: „კარგი, ჩვენ ამას ავიღებთ. მოგვეცით 32 კილომეტრი სიგრძის გზა იჯარით 100 წლის განმავლობაში და ყველას შეგიძლიათ მისით სარგებლობა“, თქვა აშშ–ის ელჩმა ტომ ბარაკმა ნიუ–იორკში გამართულ ბრიფინგზე.

თუმცა, ამ წინადადებაზე ერევანმა უარი განაცხადა. სომხეთის მთავრობა არ განიხილავს თავისი სუვერენული ტერიტორიის რომელიმე მესამე ქვეყნისთვის მართვაში გადაცემას.

სომხეთის პრემიერ–მინისტრის პრეს–მდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ „სომხეთი რეგიონული ინფრასტრუქტურის განბლოკვას მხოლოდ და მხოლოდ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და სომხეთის რესპუბლიკის იურისდიქციაში განიხილავს. სომხეთს არც განუხილავს და არც განიხილავს სუვერენული ტერიტორიის რომელიმე მესამე ქვეყნის მართვაში გადაცემის საკითხი. შესაბამისად, აშშ–ის ელჩის მიერ ნახსენები ვარიანტი შეუძლებელია“.

არსებობს ერთი დოკუმენტი, რომელსაც 2020 წელს სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა მოაწერეს ხელი. ამ დოკუმენტის თანახმად, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის შემდეგ ეს მაგისტრალები რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეებმა უნდა გააკონტროლონ. თუმცა, ამის შემდეგ სომხეთმა საკუთარი ინიციატივა წამოაყენა – „მსოფლიო გზაჯვარედინი“, რომლის ფარგლებშიც მთელი ინფრასტრუქტურა იმ ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ იფუნქციონირებს, რომელთა ტერიტორიებზეც ის გაივლის: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი – რუსეთის მონაწილეობის გარეშე.

ამავდროულად, ბაქოსა და ერევანს შორის დღემდე მოუგვარებელი რჩება საკვანძო პრობლემები: სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, საზღვრების დემარკაცია–დელიმიტაცია და რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვა.