თბილისი (GBC) – ექსკურსიის მონაწილეებად შენიღბულმა რუსმა დიპლომატებმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დახურულ ზონაში შეაღწიეს, წერს Guardian. გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი შობის დღესასწაულის წინ მოხდა, რომელსაც სამეფოში 25 დეკემბერს აღნიშნავენ. რამდენიმე რუსი დიპლომატი ლონდონში პარლამენტის შენობაში საჯარო ექსკურსიაზე მივიდა, რაღაც მომენტში ძირითადი ჯგუფისგან განცალკევდნენ და ექსკურსანტებისთვის დახურულ ლორდთა პალატის ზონაში შევიდნენ, საიდანაც ისინი დაცვამ გამოყარა.
„ეჭვი გვაქვს, მათ უბრალოდ კრემლის წინაშე უნდოდათ ეტრაბახათ, რომ ბრიტანეთის პარლამენტში შეაღწიეს. ვითარება იდეალური არ არის, მაგრამ ისინი მანამდე გამოიჭირეს, ვიდრე რაიმე ზარალს მოგვაყენებდნენ“, – ამბობს გამოცემის ერთ–ერთი წყარო. მისი თქმით, მომხდარმა მთავრობის მინისტრების და უსაფრთხოების სამსახურის აღშფოთება გამოიწვია. დეპუტატებს კი წერილობით გაუგზავნეს გაფრთხილება, რომ რუსი დიპლომატები პარლამენტში კერძო ვიზიტებითაც კი არ მიიწვიონ.
ამ დროისთვის უცნობია, ვინმემ მიიწვია რუსი დიპლომატები პარლამენტში, თუ რიგითი ტურისტების სქემის მიხედვით შეძლეს შენობაში შეღწევა.
ლონდონში მყოფ რუს დიპლომატებს, მათ შორის ელჩს, ბრიტანეთის პარლამენტის შენობაში შესვლა 2022 წელს აუკრძალეს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.