თბილისი (GBC) – ჩინელი მაღალჩინოსნები TikTok–ის ამერიკელი მეწარმე ილონ მასკისთვის მიყიდვის საკითხს განიხილავენ, იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი აღნიშნულ აპლიკაციას აკრძალავს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობის წერს.

ამჟამად აშშ–ის უზენაესი სასამართლო მსჯელობს, დაუჭიროს თუ არა მხარი კანონს, რომელიც ჩინური კომპანია ByteDance–სგან ითხოვს, 19 იანვრიდან შეწყვიტოს TikTok–ის მუშაობა ამერიკის ტერიტორიაზე. ამ თარიღის შემდეგ ინტერნეტის ის მიმწოდებლები, რომლებიც თავისი არხებით TikTok–ს მხარს მაინც დაუჭერენ, დაჯარიმდებიან.

Bloomberg–ის წყაროების თქმით, პეკინს სურს, რომ TikTok დარჩეს ByteDance–ს საკუთრებაში და ამის მისაღწევად კომპანია სამართლებრივად იბრძვის. თუმცა მოსამართლეებმა 10 იანვრის განხილვებისას მიანიშნეს, რომ კანონს მაინც დაუჭერენ მხარს.

აშშ–ში TikTok–ის აუდიტორია 170 მლნ მომხმარებელს შეადგენს და, Bloombergის დაანგარიშებით, ამერიკული ქვეგანყოფილების ფასმა შესაძლოა $40–50 მლრდ–ს მიაღწიოს.

ტრამპი აშშ–ის პრეზიდენტის სავარძელს ოფიციალურად TikTok სავარაუდო აკრძალვის მეორე დღეს, 20 იანვარს დაიკავებს.