თბილისი (GBC) – აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანმა შესაძლოა თანამდებობები დაკარგონ. ამის შესახებ Financial Times (FT) წერს. გამოცემამ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის წარუმატებლობის შემდეგ თეთრი სახლის ყველაზე მოწყვლადი მაღალჩინოსნების სია შეადგინა.

FT-ის შეფასებით, თანამდებობის დატოვების ყველაზე მაღალი რისკის წინაშე პიტ ჰეგსეთი დგას. ის ირანთან არაპოპულარული ომის სახე იყო ამერიკელი საზოგადოებისთვის. პენტაგონში მისმა რეფორმამ კი უკმაყოფილება გამოიწვია, მათ შორის რესპუბლიკელებშიც. ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ჰეგსეთის შენარჩუნებას აპირებს, თუმცა აღიარა, რომ მას თავდაცვის მდივნის შეცვლისკენ მოუწოდებენ.

გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სიუზან უაილსმა სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა. მან ვერ შეძლო პრეზიდენტის დარწმუნება იმ ზომების მიღებაში, რომლებიც ინფლაციაზე ირანის კონფლიქტის გავლენას შეამცირებდა.

FT-ის თანახმად, ვენსმა პოპულარობის ნაწილი მას შემდეგ დაკარგა, რაც ოჰაიოს გუბერნატორის არჩევნებში დამარცხებული კანდიდატის სკანდალურ სარეკლამო კამპანიას დაუჭირა მხარი. თავად ვენსმა არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის მიზეზად ირანთან ომი დაასახელა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობისთვის ვენსის პოტენციურ კონკურენტად განიხილება. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტმა რუბიოს შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ცნობებს „ყალბი ამბები“ უწოდა.