თბილისი (GBC) – გლობალურ ბაზარზე კაკაოს ფასი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა, რასაც ექსპერტები მიწოდების ჯაჭვში შექმნილ პრობლემებსა და კაკაოს დეფიციტს უკავშირებენ არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ მომავალ სეზონზეც. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

კაკაოს გაძვირება შოკოლადის საცალო ფასზე აისახება. ამის გამო ისეთი მწარმოებლები, როგორიცაა Hershey, თავის პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებას ელიან.

კაკაოს დეფიციტი დასავლეთ აფრიკაში უამინდობამ, ძირითადად ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

ლონდონის ბირჟაზე კაკაოს ფიუჩერსებმა ტონაზე 4 670 გირვანქა სტერლინგს მიაღწია. გასული წლის დასაწყისიდან დღემდე კაკაოს ფასი ლონდონში გაორმაგებულია.

ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე კაკაოს ეტალონური ფიუჩერსის ფასი ტონაზე $5 874–ს აღწევს. ეს მაჩვენებელი გასული წლის დასაწყისიდან 90%–ით არის გაზრდილი.

კაკაოს უმსხვილეს მწარმოებელთა შორის მეორე ადგილზე მყოფი განას ექსპორტიორები აცხადებენ, რომ მიმდინარე სეზონზე ქვეყანაში 475 000 – 500 000 ტონა კაკაოს მოსავალს ელოდებიან, ნაცვლად წინა სეზონის 655 000 ტონისა.