თბილისი (GBC) – სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის რკინიგზის კონცესიის უფლებაზე რუსეთის კონტროლის მესამე ქვეყნისთვის გადაცემა ერევნისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება. მისი თქმით, არსებული ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება და საკითხის გადაწყვეტაა საჭირო.
ფაშინიანმა ამის შესახებ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ბიშკეკში გამართული შეხვედრა შეაფასა.
„განვიხილეთ რკინიგზის საკითხი. არსებობს ურთიერთგაგება, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. არსებული ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება და გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, სომხურ და რუსულ მხარეებს ესმით, რომ პრობლემის ერთ-ერთი შესაძლო გადაწყვეტა რკინიგზის კონცესიის უფლების მესამე ქვეყნისთვის მიყიდვაა, თუ ეს ქვეყანა ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.
„ეს საუკეთესო გამოსავალია. ჩემთვის სხვა ვარიანტები არარეალისტურია“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანის თქმით, რუსეთმა სომხეთის რკინიგზის კონცესიის უფლება დაახლოებით 400 მილიონ დოლარად შეიძლება გაყიდოს.
სომხეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურას კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ მართავს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „რუსეთის რკინიგზის“ შვილობილი კომპანიაა. კონცესიის შეთანხმება 2008 წელს გაფორმდა.
ფაშინიანი: თუ რუსეთი 102-ე სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, სომხეთი წინააღმდეგი არ იქნება
ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ქვეყანაში ყოფნას სასიცოცხლოდ აუცილებელ პირობად არ მიიჩნევს და მოსკოვის მიერ მისი გაყვანის წინააღმდეგი არ იქნება.
„ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ სომხეთში 102-ე სამხედრო ბაზის ყოფნას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. თუ რუსეთი გადაწყვეტს სამხედრო ბაზის სომხეთის ტერიტორიიდან გაყვანას, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით. თუმცა, თუ დარჩენის სურვილს გამოთქვამს, მზად ვართ, ეს საკითხიც განვიხილოთ. ამასთან, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ეს საკითხი არასდროს დაგვიყენებია“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანის განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, სომხეთიდან სამხედრო ბაზა „თუნდაც ხვალ“ გაიყვანოს, თუ ერევანი მიიჩნევს, რომ მისი არსებობა აღარ არის საჭირო.
პუტინის თქმით, რუსეთი სომხეთს საკუთარ სამხედრო ყოფნას თავს არ მოახვევს.
