თბილისი (GBC) - Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართულ სატელეფონო საუბარში შეშფოთება გამოთქვა ხელოვნური ინტელექტის (AI) ეროვნული რეგულატორის შექმნის გეგმებთან დაკავშირებით. ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს.

ინიციატივა, რომელსაც Google-ის მეცნიერი დემის ჰასაბისი ლობირებს და თეთრი სახლის მაღალჩინოსნებიც ემხრობიან, ითვალისწინებს დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას. ფინანსური ინდუსტრიის რეგულირების ორგანოს (FINRA) მოდელზე დაფუძნებულმა ჯგუფმა AI-ის ახალი დახვეწილი მოდელები ფართო მოხმარებაში ჩაშვებამდე პოტენციურ რისკებზე უნდა შეამოწმოს.

წყაროების ცნობით, ტრამპთან საუბრისას ცუკერბერგმა აღნიშნულ წინადადებას მხარი არ დაუჭირა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც მოდელის გამოშვებას შეანელებს, სერიოზულ რისკს შეუქმნის ამერიკის ლიდერობას ჩინეთთან კონკურენციაში. მან პრეზიდენტს ურჩია, რომ საბჭოში დანიშნულმა პირებმა ტრამპის ლიბერალური (მინიმალური ჩარევის) მიდგომა უნდა გაიზიარონ.

თეთრ სახლში AI-ის რეგულირებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. პრეზიდენტის მრჩეველი დევიდ საქსი და ელონ მასკი მხარს უჭერენ ალტერნატიულ, კერძო სექტორზე დაფუძნებულ მოდელს, ამერიკის კინოასოციაციის (MPA) მსგავსად, სადაც სახელმწიფო ჩარევის გარეშე, ნებაყოფლობითი რეიტინგების სისტემა იმოქმედებს.

თეთრი სახლის განცხადებით, ადმინისტრაცია განაგრძობს მუშაობას ინოვაციებსა და უსაფრთხოებას შორის ოპტიმალური ბალანსის მოსაძებნად, ხოლო ახალი რეგულატორის შექმნის საკითხი კვლავ განხილვის პროცესშია.