თბილისი (GBC) – ევროპის ცენტრალური ბანკის (ეცბ) თავმჯდომარემ კრისტინ ლაგარდმა ბანკის მმართველთა საბჭოს 26 წევრს 13 აგვისტოს გამართული სხდომის წინ მობილური ტელეფონები ჩამოართვა. ამის შესახებ სააგენტო Reuters ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობის წერს.
სხდომაზე ეცბ–ის მთავარი საზედამხედველო ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კლაუდია ბუჰის დანიშვნის საკითხი უნდა განეხილათ – ეს ორგანო ევროზონის ასზე მეტ უმსხვილეს საბანკო დაწესებულებას უწევს ზედამხედველობას. როგორც მოსალოდნელია, კლაუდია ბუჰი ევროპის ბანკების მთავარი ზედამხედველი 2024 წლის 1–ლი იანვრიდან გახდება. სააგენტოს წყაროების ცნობით, საბჭოს წევრებს ტელეფონები მას შემდეგ დაუბრუნეს, რაც დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს.
ლაგარდმა თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 2018 წელს ამ თანამდებობაზე ანდრე ენრის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია მედიაში რეგულატორის მიერ ოფიციალური გადაწყვეტილების გამოცხადებამდე გავრცელდა. Reuters–ის ცნობით, ეს ლაგარდის მიერ გადადგმული ყველაზე თამამი ნაბიჯი იყო, რომლებსაც ის ინფორმაციის გაჟონვის წინააღმდეგ მიმართავდა – ეს პრობლემა მოსვენებას არ აძლევდა როგორც კრისტინ ლაგარდს, ისე მის წინამორბედს ამ თანამდებობაზე მარიო დრაგის.
ლაგარდი ეცბ–დან ინფორმაციის გაჟონვას 2019 წლიდან ებრძვის, როდესაც იგი ამ თანამდებობაზე დაინიშნა. იგი კოლეგებს მუდმივად მოუწოდებდა, თავი შეეკავებინათ საჯარო განცხადებებისგან ფულად–საკრედიტო პოლიტიკის საკითხებზე ჩანიშნული სხდომების დაწყებამდე და ამ სხდომების დამთავრებისთანავე.
მანამდე ეცბ აცხადებდა, რომ 2002–2021 წლების პერიოდში ევროპის ცენტრალური ბანკებიდან პრესაში კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის 368 ფაქტი გამოავლინეს. ეცბ–ის კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული გაჟონილი ინფორმაცია 15–20%–ით მეტ გავლენას ახდენდა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, ვიდრე ეცბ–ის მმართველთა საბჭოს ოფიციალური განცხადებები.