თბილისი (GBC) – მიხეილ ლომთაძის ფინტექ ჰოლდინგი Kaspi.kz თურქეთში Rabobank Group–ის განყოფილების – Rabobank AS–ის ყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, წერს სააგენტო Bloomberg. გამოცემას პროცესებთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა, რომ „განხილვა გრძელდება, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული“, გარიგება თურქული რეგულატორების თანხმობას საჭიროებს.
„ეს თურქეთში ყაზახური კომპანიის მეორე მსხვილი შენაძენი იქნება“, – წერს სააგენტო.
2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, Rabobank AS–ის კონსოლიდირებული აქტივები $52 მლნ–ს შეადგენდა.
Rabobank ნიდერლანდური კოოპერაციული ბანკია და ქვეყნის საფინანსო ბაზარზე მეორე ადგილს იკავებს ING-ს შემდეგ.
Kaspi.kz თურქეთის ბაზარზე პირველად 2024 წლის ოქტომბერში გამოჩნდა, როდესაც თურქული Hepsiburada შეისყიდა. აღნიშნული მარკეტფლეისის შესყიდვის გარიგება ლომთაძის კომპანიამ მიმდინარე წლის იანვარში დახურა.
Hepsiburada–ში თებერვალში განაცხადეს, რომ კომპანიის მმართველ თავმჯდომარედ სწორედ მიხეილ ლომთაძე დაინიშნა.