თბილისი (GBC) - ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული სერიოზული შეფერხებების მიუხედავად, მსოფლიოს უმსხვილესმა ნავთობკომპანია Saudi Aramco-მ 2Q26-ში მოგების 33%-იანი ზრდა დააფიქსირა. ამის შესახებ The New York Times წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აპრილი-ივნისის პერიოდში საუდის არაბეთის სახელმწიფო გიგანტის დაზუსტებულმა წმინდა შემოსავალმა $33.4 მლრდ შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდში $25.2 მლრდ). ეს Aramco-სთვის ყველაზე მაღალი კვარტალური მაჩვენებელია 2022 წლის შემდეგ.

მოგების მკვეთრი ზრდა გლობალურ ბაზარზე ომით გამოწვეულმა ენერგომატარებლების გაძვირებამ განაპირობა.

28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული სამხედრო დარტყმების შემდეგ, თეირანმა ფაქტობრივად პარალიზებული გახადა გემების მიმოსვლა ჰორმუზის სრუტეში.

საპასუხოდ, საუდის არაბეთმა ოპერატიულად მოახდინა რეაგირება და თავისი ნავთობის 70%-ზე მეტი მილსადენით წითელი ზღვის დასავლეთ პორტებისკენ გადაამისამართა, რამაც კომპანიას საშუალება მისცა, მიწოდების კრიზისი აეცილებინა და ექსპორტი გაეგრძელებინა. თუმცა, ამჟამად საფრთხე ამ ალტერნატიულ მარშრუტსაც ემუქრება იემენელი ჰუსიტების მიერ გამოცხადებული ბლოკადისა და თავდასხმების გამო.

Saudi Aramco-ს აღმასრულებელი დირექტორის, ამინ ჰ. ნასერის შეფასებით, გასული თვეები კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ ჰორმუზისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეებში შეფერხებების გაგრძელება გლობალური ეკონომიკისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს.

The New York Times-ის ინფორმაციით, ენერგორესურსებზე ფასების მატებით ისარგებლეს სხვა გლობალურმა მოთამაშეებმაც: ამერიკულ Exxon Mobil-ის მოგება გაორმაგდა და $14.5 მლრდ-ს მიაღწია, Chevron-ის შემოსავალი $12.1 მლრდ-მდე გაიზარდა, ხოლო ბრიტანულმა BP-მ მოგება $5.7 მლრდ-მდე გააორმაგა.

Aramco-ს სარეკორდო შემოსავლების მიუხედავად, ომმა საუდის არაბეთის საერთო ეკონომიკა მაინც დააზარალა - ქვეყნის მშპ II კვარტალში 4.8%-ით შემცირდა.