თბილისი (GBC) – ყაზახეთში სახელმწიფო კანონები რელიგიურ შეზღუდვებზე მაღლა დგას და დაუშვებელია რელიგიის ხელოვნებასა და კულტურასთან დაპირისპირება. ამის შესახებ პრეზიდენტ თოყაევის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ ერლან კარინმა განაცხადა, რომელსაც ყაზახური სააგენტო inform.kz ციტირებს.

კარინის თქმით, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ერთ-ერთი პირი საჯარო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ქალების, მომღერლებისა და მუსიკალური ხელოვნების მიმართ შეურაცხმყოფელ და რადიკალურ განცხადებებს აკეთებდა.

„ყაზახეთი სეკულარული სახელმწიფოა. ჩვენი მთავარი ორიენტირი კონსტიტუციაა. ჩვენს ქვეყანაში პირველ ადგილზე დგას არა რელიგიური შეზღუდვები, არამედ სახელმწიფოს კანონები. ასევე დაუშვებელია ხელოვნებისა და კულტურის რელიგიასთან დაპირისპირება. ეს უკიდურესობის გამოვლინებაა. სახელმწიფომ სხვა გზა აირჩია – განათლების, მეცნიერების, ხელოვნებისა და კულტურის მხარდაჭერის გზა“, – განაცხადა კარინმა.

მისი შეფასებით, ადამიანების საჯაროდ დაყოფა და მათთვის საკუთარი შეხედულებების თავს მოხვევა ურთიერთპატივისცემისა და საზოგადოებრივი ეთიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა დაუპირისპირდეს ისეთ ქმედებებს, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ იდენტობასა და სახელმწიფო პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ბოლო პერიოდში რელიგიის, კულტურისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხები საქართველოშიც აქტიური განხილვის თემაა. არაერთი ინციდენტი უკავშირდებოდა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ბრალდებებსა და კულტურულ საკითხებზე საზოგადოებრივ დაპირისპირებას. მათ შორის, ბოლო თვეებში გახმაურებული იყო შემთხვევა, როდესაც ნოდარ დუმბაძის შემოქმედების კრიტიკის შემდეგ ერთ-ერთ პირზე ფიზიკურად იძალადეს, რაც კიდევ ერთხელ გახდა დისკუსიის საგანი გამოხატვის თავისუფლებასა და საზოგადოებრივ რეაქციებზე.