თბილისი (GBC) – ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს ნახატი „ქალი საათით“ (Femme à la montre) სოტბისზე $139 მილიონად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია სავაჭრო პლატფორმის საიტზე გამოქვეყნდა.

ეს პიკასოს ნამუშევრების საფასურის მიხედვით მეორე შედეგია აუქციონზე. ნახატის თავდაპირველი ფასი $120 მილიონს შეადგენდა.

ნახატზე, რომელიც 1932 წელს შესრულდა, მხატვრის საყვარელი ქალი, ფრანგი მოდელი მარი–ტერეზ ვალტერია გამოსახული, რომელმაც პიკასოს სხვა ტილოების შექმნაც შთააგონა. პიკასო მოდელს პირველად პარიზში 1927 წელს შეხვდა, მაშინ ვალტერი 17 წლის იყო.

პაბლო პიკასოსგან ეს ნახატი 1966 წელს ბეიელერის გალერეამ შეისყიდა, რომელიც ბაზელში მდებარეობს. ორი წლის შემდეგ კი „ქალი საათით“ გალერეისგან ნიუ–იორკში კოლექციონერმა ემილი ფიშერ ლანდაუმ იყიდა. 50 წელი ნახატი მისი ბუხრის თავზე ეკიდა. წელს, მარტში, ლანდაუ გარდაიცვალა, ხოლო მისი კოლექციიდან 120 ნამუშევრის გაყიდვის უფლება აუქციონის სახლმა სოტბისმა მოიპოვა.