თბილისი (GBC) – რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ქალაქ დალნერეჩენსკთან 6 აგვისტოს ღამით წყალსატევის დამბა გაირღვა. ამის შესახებ რუსული მედია საგანგებო სიტუაციების ადგილობრივ სამსახურზე დაყრდნობით წერს. 

„არავინ დაშავებულა, წყლის ნაკადი სუსტია. ადგილზე გავიდნენ მაშველები. მიმდინარეობს შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები“, – აღნიშნეს უწყებაში. წყალდიდობის გამო დაზარალებულებისთვის სკოლის შენობაში დროებითი განთავსების სივრცეები მოეწყო.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ექმნება, რადგან წყლის დონე ქალაქში არც ისე მაღალია. ქალაქში 25 000–მდე ადამიანი ცხოვრობს.

დამბის გარღვევის გამო წყლის დონე სხვა წყალსატევებშიც იზრდება, რის გამოც ადგილობრივი ხელისუფლება დატბორვის ზონის გაფართოებას ელოდება.

დალნერეჩინსკში დამბის გარღვევა მეოთხე შემთხვევაა რუსეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში. 26 ივლისს დამბა ჩელიაბინსკის ოლქში გაირღვა, 29 ივლისს – კარელიაში, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. 4 აგვისტოს კი წყალდიდობის გამო ბურიატიაში გაირღვა დამბა, წყალდიდობამ რამდენიმე ხიდი დაანგრია.

კრემლი პასუხისმგებლობას არ იღებს დამბების სისტემატურ გარღვევებზე. რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, სახელმწიფოს მეთაური არ არის დაკავებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობის შეფასებით რუსეთის რეგიონებში. მისი თქმით, პასუხისმგებლობა მთავრობას და ადგილობრივ ხელისუფლებებს ეკისრება.