თბილისი (GBC) – რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ივნისის დასაწყისში სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებს მოსთხოვა, სასწრაფოდ შეიმუშაონ სიბერესთან ბრძოლის პრეპარატი. ამის შესახებ სამინისტროს მეცნიერებისა და ინოვაციური განვითარების დეპარტამენტის წერილებშია ნათქვამი, რომელსაც გამოცემები „მედუზა“ და „სისტემა“ გაეცნენ. 

კერძოდ, მეცნიერებმა უნდა წარმოადგინონ:

  • უჯრედების დაბერების საწინააღმდეგო პრეპარატის კონცეფცია, რომელიც უნდა მოიცავდეს „სხვადასხვა მეთოდებით ბიოლოგიური ასაკის შეფასებას“;
  • ახალი ნეიროტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული სამედიცინო პროდუქცია, რომლებიც კოგნიტიური და სენსორული დარღვევების შესახებ გააფრთხილებს სპეციალისტებს;
  • იმუნური სისტემის კორექციის ახალი მეთოდები, დაბერებაში მისი კრიტიკული მაჩვენებლების გამოვლენაზე დაყრდნობით.

„გვთხოვეს, სასწრაფოდ გავუგზავნოთ ჩვენი ნაშრომები. ამასთან, წერილი, ასე ვთქვათ, დღეს მივიღეთ, ხოლო დოკუმენტები გუშინ უნდა გაგვეგზავნა“, – დაადასტურა ჟურნალისტებთან საუბარში ერთ–ერთი მეთოდოლოგიური კვლევითი ცენტრის ექიმმა.

კიდევ ერთი ცენტრის თანამშრომელმა თქვა, რომ „გამოშტერდა“, როდესაც ეს „ქაღალდი“ დაინახა. „რა თქმა უნდა, ამ ბებერი კუნძების (ასაკოვანი რუსი პოლიტიკოსები) გარდა აღსადგენი არავინ გვყავს. ანუ, ზუსტად დღეს (როდესაც ომი მიმდინარეობს) ჩვენ ყველაფერი უნდა მივატოვოთ. ეს ცინიზმი საგონებელში გვაგდებს“, – აღნიშნა მან.