თბილისი (GBC) – არტობიექტი „კომედიანტი“, რომელიც სკოჩით მიმაგრებული ბანანის სახით არის წარმოდგენილი, აუქციონზე $6,2 მილიონად გაიყიდა. მისი მფლობელი გახდა ჩინელი კრიპტომეწარმე ჯასტინ სანი, რომელმაც ექვს კონკურენტზე მაღალი შეთავაზება გააკეთა და ხელოვნების ნიმუში შეიძინა. 

სანმა ამ ინსტალაციას კულტურული ფენომენი უწოდა, რომელიც „ხელოვნების სამყაროებს, მემებს და კრიპტოვალუტის საზოგადოებას ერთმანეთთან აკავშირებს“ და დასძინა, რომ ბანანს, „როგორც ამ უნიკალური სამხატვრო გამოცდილების უნიკალურ ნაწილს უახლოეს მომავალში შეჭამს და ამით პატივისცემას დაადასტურებს მისი ადგილისადმი როგორც ხელოვნების ისტორიაში, ისე პოპკულტურაში“.

The New York Times წერს, რომ Sothebyʼs–ზე თავდაპირველად ამ ინსტალაციის გაყიდვა $1,5 მილიონად იგეგმებოდა. ნამუშევარი მფლობელს ნამდვილობის სერტიფიკატითა და ინსტრუქციით გადაეცემა, სადაც აღწერილია, როგორ უნდა შეცვალოს ბანანი, როდესაც იგი დალპება.

აუქციონის სახლმა იტალიელი მხატვრის მაურიციო კატელანის ყველაზე ცნობილი და პროვოკაციული ნამუშევრის Comedian გასაყიდად გამოტანა ოქტომბერში დააანონსა.

თეთრ კედელზე, იატაკიდან 160 სანტიმეტრის სიმაღლეზე ვერცხლისფერი სკოჩით მიმაგრებული ბანანის ინსტალაცია მაურიციო კატელანმა 2019 წლის დეკემბერში წარმოადგინა მაიამიში, თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე Art Basel. ავტორმა ამ ნამუშევარს კომედიანტი უწოდა. ამ ნამუშევრის გამოფენის შემდეგ გალერეამ Perrotin Gallery კატელანის სამი ბანანი გაყიდა, თითოეული 120–150 ათას დოლარად. გალერეაში წარმოდგენილი კიდევ ერთი ბანანი კი სხვა მხატვარმა, დევიდ დათუნამ შეჭამა.

რაც შეეხება დევიდ დათუნას, იგი თბილისში 1974 წელს დაიბადა და მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და გაყიდვადი მხატვარი იყო. 2011 წელს მის მიერ დახატული ვლადიმირ პუტინის პორტრეტი სახელწოდებით „პუტინი – მონა ლიზა“ $269 ათასად გაიყიდა, ხოლო მის მიერვე შესრულებული ინსტალაცია „სტივ ჯობსი“ $210 ათასად შეიძინეს. მოსკოვში კი მისი ინსტალაცია „ვოდიანოვა – მილიონების სიყვარული“ 600 000 ევროდ გაიყიდა. დევიდ დათუნა 2022 წლის 24 მაისს გარდაიცვალა.