თბილისი (GBC) – G20–ის ქვეყნებმა პროტექციონიზმსა და მსოფლიო ეკონომიკის გეოპოლიტიკურ ბლოკებად ფრაგმენტაციაზე უარი უნდა თქვან. მსოფლიო ლიდერებმა ვაჭრობას თავისი საქმის კეთების შესაძლებლობა უნდა მისცენ. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ G20–ის სამიტზე განაცხადა, რომელიც კუნძულ ბალიზე მიმდინარეობს, წერს სააგენტო Reuters.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის, მაღალი ინფლაციისა და კლიმატური კატასტროფების გამო დღევანდელ მსოფლიოში 345 მილიონი ადამიანი განიცდის სასურსათო კრიზისს და ამის გამო G20–ის ქვეყნებმა ვაჭრობას უნდა მისცენ შესაძლებლობა, თავისი საქმე აკეთოს.

სსფ–ის ხელმძღვანელი დიდი ხანია, რაც მსოფლიო ლიდერებს ეკონომიკის ფრაგმენტაციასთან დაკავშირებით აფრთხილებს. ერთ ბლოკში იგი აშშ–სა და ევროკავშირს მოიაზრებს, ხოლო მეორეში – ჩინეთს.

სსფ–ის ექსპერტებმა დაითვალეს და დაადგინეს, რომ დაყოფილი ეკონომიკის გამო მსოფლიო მშპ ყოველწლიურად 1,5%–ს დაკარგავს.

„ეს მაჩვენებელი უფრო მაღალიც იქნება და ორჯერ და სამჯერ მეტად დააზიანებს ღია ეკონომიკებს, რომლებიც საერთაშორისო თანამშრომლობაზე არიან დამოკიდებული“, – აღნიშნა გეორგიევამ.