თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების განხორციელება Unistream-ის სწრაფი გადახდის სისტემით კვლავ შესაძლებელია. როგორც სებ-ში აცხადებენ, გასული წლის ივლისიდან სებ-ის რეგულირებას დაქვემდებარებული არცერთი სუბიექტი აღნიშნულ სისტემას აღარ ემსახურება.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში რეგისტრირებული არცერთი კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ იყენებს Unistream-ის სწრაფი გადახდის სერვისს. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ რუსული ფულადი გზავნილების სისტემა Unistream გასული წლის ივლისიდან სანქცირებული პირების სიაში შეიყვანა. სწორედ ამ დროიდან მოყოლებული სებ-ის რეგულირებას დაქვემდებარებული არცერთი სუბიექტი აღნიშნულ სისტემას აღარ ემსახურება. საფინანსო სისტემა სრულ შესაბამისობაშია აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციებისა. ეროვნული ბანკი, როგორც ქვეყნის ფინანსური სექტორის მარეგულირებელი, არ დაუშვებს ქართულ საფინანსო სისტემაში სანქცირებული კომპანიის მეშვეობით ფულადი გზავნილების განხორციელებას. ამასთან, ქართული საფინანსო სექტორი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს“, - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხუთშაბათს, 16 მაისს, GBC რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველოში ოპერირების შესახებ განცხადება Unistream-ის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ იულია კავერინამ ე.წ. რუსულ–ქართული საქმიანი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
რუსული მედიის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ GBC ქართული ბანკების ცხელ ხაზს დაუკავშირდა. თიბისი ბანკში, საქართველოს ბანკში და ლიბერთიში ცხელი ხაზის ოპერატორებმა გვითხრეს, რომ Unistream-ით გზავნილების განაღდება ბანკებში არ ხორციელდება.