თბილისი (GBC) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ასევე ცნობილი როგორც შუა დერეფანი, კავშირის განვითარების მიზნით აზიასა და ევროპას შორის სამხრეთ კავკასიის გავლით.

პარტნიორობა ფოკუსირებული იქნება ვაჭრობის გაფართოებაზე, მწვანე ენერგეტიკაზე, ინვესტიციებზე ახალ ინდუსტრიებში, ასევე სატრანსპორტო და ციფრულ ინფრასტრუქტურაზე სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.

EBRD-ის განცხადებით, შუა დერეფნის გაძლიერება შექმნის ახალ, ტრანსფორმაციულ ეკონომიკურ შესაძლებლობებს რეგიონში და უზრუნველყოფს ალტერნატიულ სატრანსპორტო მარშრუტს არსებული კომერციული დერეფნების მიმართ.

მემორანდუმის მიზანია გააძლიეროს რეგიონში კრიტიკული ენერგეტიკული, ტრანსპორტის, ციფრული და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, დიზაინი და მშენებლობა. ის ასევე მიზნად ისახავს გააუმჯობესოს საბაჟო, სატარიფო და სასაზღვრო ოპერაციების ეფექტურობა; შუა დერეფნის განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიის ეკონომიკაში კერძო კაპიტალის ინვესტიციების მოზიდვას და ასევე, უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიღებას ევროპასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირის ხელშეწყობისთვის.

თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტები ფოკუსირებულია ინვესტიციების გაფართოებაზე ნახშირბადის გარეშე ენერგიის შესაძლებლობებში და პოლიტიკისა და მმართველობის რეფორმების წინსვლაზე კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად და სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობის გაფართოებაზე.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა, საბანკო საკითხებში, მატეო პატრონემ და ერინ ელიზაბეტ მაკკიმ, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწემ, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, რომელიც სომხეთში მიმდინარეობს.