თბილისი (GBC) - თალიბანის მიერ ავღანეთში ხელისუფლების ხელში ჩაგდებიდან და ისლამური მმართველობის აღდგენიდან ხუთი წელი შესრულდა. The New York Times-ის ცნობით, გასული წლების განმავლობაში ქვეყანაში ქალებისა და გოგონების უფლებები სისტემურად შეიზღუდა, რამაც ნახევარი მოსახლეობა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან თითქმის სრულად განდევნა და ავღანეთი გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის წინაშე დააყენა.
თალიბანის მიერ მიღებული 160-ზე მეტი დეკრეტი პირდაპირ მიმართულია ქალთა უფლებების შეზღუდვისკენ. აკრძალულია საშუალო და უმაღლესი განათლება, შეზღუდულია დასაქმება, გადაადგილება, ჩაცმულობა, საჯარო სივრცეში აზრის გამოთქმა და გადაწყვეტილებების მიღება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის (U.N. Women) განცხადებით, თანამედროვე ეპოქაში არცერთ სხვა ქვეყანას მოსახლეობის ნახევრის უფლებები კანონისა და პოლიტიკის დონეზე ამ მასშტაბით არ გაუუქმებია. ეს შეზღუდვები კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში არსებულ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კრიზისს.
გაეროს მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში, რომელშიც სოფლად და ქალაქად მცხოვრები 5 000-მდე ავღანელი მონაწილეობდა, გამოიკვეთა მზარდი ფსიქოლოგიური და სოციალური კრიზისი. გამოკითხული ქალების 65% აცხადებს, რომ მათი ცხოვრება 2021 წლის აგვისტომდე არსებულ მოლოდინებთან შედარებით გაუარესდა (მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 55%-ია). თუ მამაკაცები უკმაყოფილების მთავარ მიზეზად ეკონომიკური შესაძლებლობების ნაკლებობას ასახელებენ, ქალებისთვის მთავარ დარტყმას განათლებისა და დასაქმების უფლების ჩამორთმევა წარმოადგენს, რაც პირდაპირ აისახება მათ ფინანსურ მდგომარეობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
კვლევამ ასევე აჩვენა ქალთა უკიდურესი სოციალური იზოლაცია: გამოკითხული ქალების 90% აღნიშნავს, რომ სახლის დატოვებისთვის ოჯახის მამაკაცი წევრის ნებართვა სჭირდება, ხოლო 50%-ზე მეტი გარეთ თვეში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ გადის (მაშინ, როცა გამოკითხული მამაკაცების 95%-ზე მეტი სახლს ყოველდღიურად ტოვებს). გარდა ამისა, ქალთა 40% აცხადებს, რომ გაიზარდა საზოგადოებრივი წნეხი ახლობლებისა და მეზობლების მხრიდან, რადგან არსებობს შიში, რომ არასათანადო ჩაცმულობის, ლაპარაკის ან ქცევის გამო თალიბანის წარმომადგენლებთან დაასმენენ.
ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტების, მათ შორის ბელკის აჰმადის შეფასებით, თალიბანმა პატრიარქალური ნორმები სამართლებრივ ვალდებულებებად აქცია და ოჯახები საკუთარი იდეოლოგიის აღმსრულებლებად გადააქცია. ავღანეთი რჩება ერთადერთ ქვეყნად მსოფლიოში, სადაც გოგონებისთვის დაწყებითი საფეხურის მიღმა განათლების მიღება ოფიციალურად აკრძალულია. UNESCO-ს განცხადებით, განათლების გარეშე დარჩენილი ახალი თაობა ქვეყნის მომავალს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ექსპერტების თქმით, ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ 20 მილიონი ქალისა და გოგონას საზოგადოებიდან წაშლა, არამედ ის, რომ მსოფლიო თანდათან ეგუება ამ რეალობას.
